17 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
ყველა ჩანაწერი, რომელიც მედიაში გავრცელდა დადგმულია და ჩაწერილია მის კაბინეტში - ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი 

პროკურატურა სპორტის ყოფილი მინისტრისა და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალურ საქმეში მონაწილე ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს.

გამოკითხვის ოქმში ლევან ყიფიანი ჰყვება, როგორ დაიწყო მუშაობა „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიაში“ კონსულტანტად. ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე, ბანკიდან 4 მილიონის გამოტანას და ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობის ეპიზოდზე საუბრობს.

რაც შეეხება ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების გაკეთებაში მის ჩართულობას - ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერების გაკეთების თხოვნით მას „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა მინისტრთა კაბინეტის შეცვლის შემდეგ მიმართა.

ყიფიანის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ზაზა ოქუაშვილთან აღარ თანამშრომლობდა, თუმცა ფინანსთა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ მას ოქუაშვილი ისევ დაუკავშირდა და ივანე მაჭავარიანთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა კომპანიის ვალი, 50 მილიონი ლარი, ისე გადაენაწილებინათ, რომ მას თვეში 100 ათასი გადაეხადა.

ყიფიანი ამბობს, რომ მინისტრს ხისტი პოზიცია ჰქონდა და უარი მიიღო, რის შემდეგაც ზაზა ოქუაშვილთან ყიფიანმა თანამშრომლობა ისევ გაწყვიტა, რადგან ოქუაშვილი მას ხელფასს აღარ უხდიდა.

მოგვიანებით, ყიფიანის თქმით, მას ისევ დაუკავშირდა ზაზა ოქუაშვილი და უთხრა, თუ ხელფასის მიღება სურდა, ჩანაწერების გაკეთებაში უნდა დახმარებოდა. ყიფიანი ამბობს, რომ ოქუაშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ ქარხნის 10% შესთავაზა. ყიფიანის თქმით, არსებობდა წინასწარ შემუშავებული თემა და დადგმული დიალოგები.

„ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტებს ჩემი და მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ. ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა, როგორც ვითომ ფარულ ჩანაწერს.

სქემის მიხედვით, ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, კერძოდ მათ დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოსდა უხდიდა დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც ვერ ასრულებდა პარტნიორთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ზაზა ოქუაშვილი ვარაუდობდა, უცხოელი პარტნიორები ვალდებულების შესრულების ვადას გადაუვადებდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოქუაშვილი ხსენებულ ჩანაწერებს გაავრცელებდა მედიასაშუალებებით, რადგან ყველა შეხვედრისას ზაზა ოქუაშვილი მარწმუნებდა, რომ მას აღნიშნული ჩანაწერი უნდა გამოეყენებინა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. სწორედ ამ არგუმენტით დამიყოლია და მეც შევცდი და დავთანხმდი. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ ამ საქმეში მას გვერდში ედგა ირაკლი ჩუბინიშვილი, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით.

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში.

ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა -ანუ მიწუნებდა არტისტიზმს,  რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

მიუხედავად იმისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ მე და ოქუაშვილმა წინასწარ შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებული "- წერია ყიფიანი დაკითხვის ოქმში, რომელიც თბილისის პროკურატურამ გაასაჯაროვა.

სპორტის ყოფილი მინისტრი დაკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა, ის პროკურატურაში ექვსი საათი იკითხებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები