ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მან ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი გახარიასთან ზაზა ოქუაშვილის შეხვედრა დააორგანიზა. თბილისის მთავარი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ჩვენებაში ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ შეხვედრის მიზეზი იყო ის პრობლემები, რომელიც იმ დროისთვის „ომეგა ჯგუფს“ ჰქონდა.
„იმ პერიოდისათვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად საფრთხე ექმნებოდა ომეგა ჯგუფის საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს. ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნეს ომბუდსმენითან გიორგი გახარიასთან და აგრეთვე ბიძინა ივანიშვილთან,“- წერს ჩვენებაში ლევან ყიფიანი და მიუთითებს, რომ მან დაზუსტებით იცოდა, რომ გიორგი გახარია ჩართული იყო ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემატური საკითხები მოგვარებაში და იცავდა მეწარმეები ინტერესს.
მისივე ჩვენების მიხედვით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოხდა თავად ზაზა ოქუაშვილის თხოვნით.
„ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგიერთ ქართულ წარმოებასა და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ. ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას. ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. ცხადია მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად ამ პროექტის განვითარებისათვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად,“-წერს ლევან ყიფიანი.
ლევან ყიფიანი ჩვენებაში განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიის OGT-ისთვის დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დავალიანების გადავადების საკითხში ჩართულები იყვნენ მაშინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
„აღნიშნულ შეხვედრაზე რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან შპს OGT-ს საგადასახადო დავალიანება როგორც მახსოვს იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე განგვიახლდა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაგვივადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო. მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე ასევე იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ასევე გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო, მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია იმ პირობით რომ ომეგა ჯგუფი დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა. ამავდროულად ამ შეხვედრაზე ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გაორმაგდებოდა,"- აცხადებს ლევან ყიფიანი.
მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა დავალიანების გადავადება, რომელიც "ომეგა ჯგუფმა" ამ დრომდე არ გადაიხადა.