17 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
"ოთართან არაერთი საუბარი მქონდა, ვიცოდი რომ ჰყავდა ნაცნობი და დაგვეხმარებოდა"- ლევან ყიფიანი TBC ბანკიდან ფულის გატანის ეპიზოდზე საუბრობს

TBC  ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდში გიორგი გახარია არ მონაწილეობდა - ამის შესახებ ლევან ყიფიანი ჩვენებაშია ნათქვამი. ოქმში, რომელიც თბილისის პროკურატურამ გამოაქვეყნა, ლევან ყიფიანი განმარტავს, რომ  ბანკში თანხის გატანასთან დაკავშირებით მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან, რომელსაც სთხოვა დახმარება. თუმცა ყიფიანის თქმით, იმის გამო, რომ ბანკმა მოახერხა თანხის გაცემა, ოთარ ფარცხალაძის დახმარება საჭირო აღარ გახდა.

„ბანკში ყოფნისას მე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია. მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა გიორგი გახარიასთან არ ვადასტურებ. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძე, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი, რომ დაგვხმარებოდა სს თიბისი ბანკიდან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკის სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება. ოთარი დაინტერესდა რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის  თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული. ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი,“-განაცხადა ლევან ყიფიანმა.  

კითხვაზე, ხომ არ მოხდა სოლიდური თანხის მობილიზება და გატანა სახელმწიფო ორგანოდან მესამე პირის ჩართულობით, ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ბანკმა უზრუნველყო თანხის გაცემა და ამ პროცესში თავად ბანკის ხელმძღვანელი პირების გარდა არავინ ჩარეულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები