გორის მერიასთან მომხდარი დაპირისპირების მონაწილეთა გამოკითხვა პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მათ შორის სამართალდამცველებმა მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თეიმურაზ მავნელიშვილიც გამოკითხეს, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის ცოლის ძმაა. სწორედ მან მიაყენა სამოაქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა. მავნელიშვილმა პოლიციის შენობა სათადარიგო კარიდან დატოვა. მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრები კი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტებმა გორის მერიასთან პროტესტის ნიშნად ხორბალი და ნაკელი გუშინ მიიტანეს და კიბეზე დაყარეს. ამ ფორმით ახალგაზრდებმა რუსეთ-საქართველოს შესახებ, გორის მერის მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
"ბოლო კიბეს ვალაგებდით და ვიღებდით, რომ სავსე ურნა ხორბლით, მომეპარა უკნიდან და თავზე ჩამომამხო ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა იურიდიული სამსახურის უფროსი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი საქციელი არ უნდა შერჩეს არავის და მათ შორის ამ ადამიანსაც,"-აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" კიდევ ერთი წევრი, ანა ჭარხალაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გორის მერიის მაღალჩინოსანს თანამდებობას დაატოვებინებენ.
"ალბათ ამ ადამიანმა ეს უკადრებელი იმიტომ იკადრა, რომ სარგებლობს სანათესავო წრის გავლენით, ჰგონია რომ არ დაისჯება და არ დატოვებს თანამდებობას,"-აცხადებს ანა ჭარხალაშვილი.