სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია იმართება. ასამბლეის წევრები შეკითხვებს უსვამენ გენერალურ მდივანს ტორბერნ იაგლანდს. მთავარი საკითხი, რომელიც დეპუტატებს აინტერესებთ, არის რატომ ითხოვდა ის პროცედურების გამარტივებას რუსეთის სასარგებლოდ, რომელიც ხმის უფლების დაბრუნებას მოითხოვს.
როგორც ცნობილია სამშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილებოდა საკითხი რეგლამენტის წესების შეცვლასა და სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდებოდა რუსეთის დელეგაციას და იმ შემთხვევაში თუ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რუსეთის დელეგაციას გაუმარტივდებოდა საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება. დისკუსია საკმაოდ მწვავე იყო და თავად მთავარ მომხსენებელს მოუწია ამ საკითხის უკან გაწვევა. ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ სწორედ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ლობირებდა რუსულ ინტერესებს.
„როგორც მოლოდინი გვაქვს ბატონ იაგლანდთან კითხვების დასმის პროცედურა და დისკუსია იქნება საკმაოდ მწვავე. ჩვენ უკვე შევესწარით სამშაბათს პლენარულ სხდომათა დარბაზში, როდესაც რეგლამენტის წესების შეცვლა განიხილებოდა და სანქციების შეცვლის საკითხი განიხილებოდა საკმაოდ მწვავე დაპირისპირება მოხდა განხილვის პროცესში და დღეს ალბათ ეს გაგრძელდება. ამის მიზეზი არის ერთადერთი, როდესაც დღის წესრიგში დადგა რუსეთის გამო წესების და პროცედურების შეცვლა და სანქციების გამარტივება ამაში ასამბლეამ გარკვეულ წილად დაინახა გენერალური მდივნის როლიც და აღქმული იქნა, რომ ის ამ პროცესს ხელს უწყობდა და მე ვფიქრობ, რომ ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი გაღიზიანება,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.
იაგლანდთან შეხვედრას ესწრება “ევროპული საქართველოც." გიორგი კანდელაკის განცხადებით რუსეთის მცდელობამ ისევე როგორც მისმა ლობისტებმა, განიცადეს ფიასკო.
„გამოვიდა ისე, რომ ბატონი იაგლანდი მოგვევლინა რუსეთის აქ დაბრუნების მთავარ ლობისტად და მან და იმ ბანაკმა, რომელიც ლობირებდა რუსეთის დაბრუნებას განიცადა ფიასკო. რუსეთი აქ არ დაბრუნდება,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.