წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - "საბას" დაჯილდოების ცერემონია დასრულებულია.
წელს „საბა“ ყველაზე განსხვავებულად ჩატარდა. დაჯილდოების მე-16 საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში გაიმართა, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა განაპირობა.
გამარჯვებული ავტორები, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ, რომელიც მათ თიბისი ბანკმა გადასცა.
ყოველწლიურად ჟიური განიხილავს გასულ წელს ქართულად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომანი, პროზაული/პოეტური კრებული, დოკუმენტური პროზა, თარგმანი, ასევე ქართული ნაწარმოების უცხოენოვან თარგმანებს.
საუკეთესო რომანის ტიტული წელს ლაშა ბუღაძის "პატარა ქვეყანამ" მიიღო.
საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტად კი ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები“ დასახელდა. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის ნინო ხარატიშვილმა მიიღო. პრემია ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი რეზო გაბრიაძემ მიიღო.