„როგორც შუშანიკს თავს ესხმის იმპერია და იმპერიები, დღემდე გრძელდება თავდასხმა საქართველოზე ველური ძალებისგან და კონკრეტულად დღევანდელი პუტინის რუსეთისგან,“ - ეს განცხადება მწერალმა ლაშა ბუღაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გააკეთა.
ლაშა ბუღაძე წელს საბას დაჯილდოების გამარჯვებული გახდა საუკეთესო რომანის ნომინაციაში. დაჯილდოების ცერემონია სწორედ ფრანკფურტში გაიმართა.
ლაშა ბუღაძემ სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე ისაუბრა.
„ჩვენ, დღევანდელი ლიტერატურა ვცდილობთ, რომ რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემის და რაც შეიძლება, მეტ ადამიანთან მივიტანოთ, გარდა იმისა, რომ რასაც აღვწერთ ჩვენ ესთეტიკური თვალსაზრისით მხატვრულ ლიტერატურას, მივიტანოთ ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვარსებობთ და რომ ჩვენ გვჭირდება გაფრთხილება,“ - განცხადა ლაშა ბუღაძემ.
მწერალმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში სამართლებრივი კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ხაზი გაუსვა, რომ ამ დრომდე რეალური რეაგირება არ მოჰყოლია მწერალ ზვიად რატიანის საქმეს, რომელსაც ქვეყნის დატოვება მოუწია.
„ჩვენ ძალიან ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი, ძალიან ბევრი პრობლემური ამბავი, რომელიც დღეს საქართველოშიც ხდება და ქართველი მწერალი, მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის იქნება იქ, როგორც აკა მორჩილაძემ თქვა, სადაც შესაძლოა, ყველა არ იყოს, სადაც ყველაა იქ არ იყოს მწერალი, მაგრამ მართლაც, სადაც ბოლოს ყველა მოგროვდება, სადაც ქართული ლიტერატურაა. ქართველი მწერალი ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას, ხშირად შეიძლება, ეს იყოს ძალიან მიუღებელი კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნიან ხოლმე საქართველოში მწერლებისთვის და ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე და მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის, ბედზე და დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები ხდება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, შს მინისტრმა,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.