გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მირზა სუბელიანი იმყოფება, სახალხო დამცველი შევიდა.
ნინო ლომჯარიამ მირზა სუბელიანის მონახულების შესახებ გადაწყვეტილება სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მიიღო.
ომბუდსმენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ცნობილია, ნინო ლომჯარია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდება.
სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, პატიმრობაში მყოფმა მირზა სუბელიანმა დღეს სუიციდი სცადა.
მირზა სუბელიანის მონაწილეობით ჩანაწერი 14 ოქტომბერს გავრცელდა. ის ფარულ აუდიომასალაში გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე, მოწმეებზე ზეწოლასა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბრობს, ჩანაწერში ამბობს, რომ ის ფლობს რამდენიმე აუდიოფაილს, რომელიც ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს ასახავს.
ახალი ჩანაწერი დღეს გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც, რომელშიც ასევე მირზა სუბელიანი და მესტიის მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძე მონაწილეობენ. პროკურატურის ინფორმაციით ჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება და სუბელიანი ამ ჩანაწერში ამბობს, რომ ის ხელისუფლების წინააღმდეგ რეალურ მტკიცებულებებს არ ფლობს.