არასამთავრობო ორგანიზაციები ციხეში ჩაწერილ მორიგ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურებიან. ამ ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ქვეყანაში არიან პრივილეგირებული პატიმრები - ასეთია მესამე სექტორის შეფასება.
არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლების ის პოზიცია, თითქოს არაფერი ხდება და გამოქვეყნებულ ჩანაწერების შინაარსი არ არის რეალური, აზიანებს ისევ ხელისუფლებას.
„ამ ჩანაწერების არსებობა, სუბელიანის ფაქტორიც და ჩანაწერების შინაარსი სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ რეალური ნება ამ საქმეზე სიმართლე დადგენილიყო, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს და ძალიან სამწუხაროა, რომ გრძელდება თუნდაც ის დამოკიდებულება, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში რომელიმე საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდნენ პრივილეგირებული ადამიანები, კანონზე მაღლა მდგომი ადამიანები, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. ის რომ ეს გამოვლინდა, ვფიქრობ ახალ იმ პოზაში ჩადგომა, რომ თითქოს ეს არ არის რეალური, აზიანებს ისევ ხელისუფლებას,“-განაცხადა ნათია კაციტაძემ.
ჩანაწერებს ეხმაურება კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორიც. ბაია პატარაიას განცხადებით, სახელმწიფოში არის ძალიან სერიოზული კრიზისი.
„საგამოძიებო ორგანოები პრაქტიკულად არ მუშაობენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად და დღესაც ვხედავთ ჩვენ როგორი არასწორი აქცენტები აქვს პროკურატურას და როგორი პოლიტიზირებულია პროკურატურა,“-განაცხადა ბაია პატარაიამ.
ახალი ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ემუქრებოდა კახი კახიშვილს, თუ ის ციხეში პროვილეგირებულ მდგომარებაში არ იქნებოდა. ასევე, სუბელიანი ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზეც საუბრობს.