"ადამიანის უფლებათა დაცვის სახლის" წევრები და პარტნიორი ორგანიზაციები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მათ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და თავი შეიკავონ ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციისგან.
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ხშირად ისმის სიტყვიერი თავდასხმა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე. მესამე სექტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვლება მათ მიმართ დამოკიდებულება, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე აისახება.
"დღეს ვხედავ, რომ ხელისუფლებისგან მოდის საგანგაშო სიგნალები. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის. საქართველოში, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები, ის კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც უკავშირდება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააკვირდეს როგორც წინა საარჩევნო გარემოს და პროცესებს, ასევე მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.