115-ე საჯარო სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს მარიხუანა აღმოუჩინეს. არსებობს ვერსია, რომ მოსწავლეებმა კანაფი გაკვეთილების პროცესის დროს მოწიეს. მე-11 კლასელს მარიხუანა მანდატურმა აღმოუჩინა, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა.
როგორც სკოლის მოსწავლეები ამბობენ, სკოლაში მანდატურებმა მარიხუანას სუნი იგრძნეს, სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა და მარიხუანა უფროსკლასელის ჩხრეკის დროს ამოიღეს.
"მე როგორც ვიცი სიგარეტის სუნი იგრძნეს, მერე უნდა შეემოწმებინათ ვის ჰქონდა სიგარეტი, პოლიციაც მოვიდა და ზუსტად რა მოხდა არ ვიცი,"-ამბობს 115-ე სკოლის მოსწავლე.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მარიხუანას მოწევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, დაიბარეს მოსწავლეების მშობლები.
მზია სულამანიძის განცხადებით, თავად მოსწავლე, რომელსაც მარიხუანა აღმოჩნდა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
„პროცედურულად, როგორც იყო საჭირო, გამოძახება მოხდა საპატრულო პოლიციის. პოლიციას გადაეცა საქმე. ჩხრეკის საფუძველზე აღმოაჩინეს. ახლა ველოდებით დასკვნას, რომლის საფუძველზეც დისციპლინურმა კომიტეტმა შიდა განაწესის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,“-ამბობს სულამანიძე.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მოსწავლე რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, გამოიკითხა. უწყებაში არ ადასტურებენ, რომ მარიხუანას მოხმარება სკოლის ეზოში მოხდა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.