ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. პროკურატურა მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება. ბრალდებამ ვერ შეძლო იმ გარემოების დადგენა, რა ვითარებაშიც ლორა სმიტი გარდაიცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა.
ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სმიტების ოჯახის მკვლელობა დიდი ხნის წინ შეკვეთილი მკვლელობა იყო.
„ეს არის ვიღაცის შეკვეთილი, ეს არის ძალიან დიდი ხნის დროინდელი დაკვეთილი მკვლელობა. ეს ერთი და ორი დღის დაკვეთილი მკვლელობა არ არის. მოძებნონ და გაარკვიონ, ვისი მოგზავნილი აგენტები იყვნენ თვითონ ის სმიტების ოჯახი. ჩემი შვილი არის მსხვერპლი, არამცთუ მკვლელი“ - ამბობს მალხაზ კობაურის დედა, მარიამ მარტიაშვილი.
უფლებადამცველი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება. ადვოკატი ლორა სმიტის გაუპატიურების ფაქტს გამორიცხავს.
„სამედიცინო ექსპერტიზა ლორა სმიტის სხეულთან მიმართებაში სადაც არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულება, ანუ ძალადობრივი კვალი არ დასტურდება. ეს მიუთითებს იმას, რომ გამორიცხულია გაუპატიურება მომხდარიყო. ეს კითხვის ნიშანი, ჯერ რომ გაუპატიურება არ მომხდარა არ არსებობს ბრალდების მხარისგან. ანუ, ჩვენ არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ არ გვედავებიან ქალის მკვლელობას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას,“ - განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ მალხაზ კობაურს პროკურატურა ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება.
„პროკურატურა მალხაზ კობაურს, როგორც თავდაპირველ ეტაპზე, ედავება მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას. რაც შეეხება ლორა ჯუის სმიტის ნაწილში, ამ ნაწილში დღეის მდგომარეობით არ არის დაზუსტებული ბრალდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილში საქმე არის გაუხსნელი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა ჯუის სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა მალხაზ კობაურის სპერმა. ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა ჩვენ გვესაჭიროებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა,“ - განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.