17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
მირზა სუბელიანს სხეულზე დამატებითი დაზიანებები არ აღენიშნება - ომბუდსმენის წარმომადგენელი 

მირზა სუბელიანს სხეულზე დამატებითი დაზიანებები არ აღენიშნება - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გლდანის ციხესთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სუბელიანი საკანში მოინახულა.

მისი ინფორმაციით, პატიმარ სუბელიანს სხეულზე მხოლოდ ის დაზიანებები აქვს, რაც მას 15 ოქტომბერს სუიციდის მცდელობის შემდეგ გაუჩნდა.

ამასვე ადასტურებს ექიმთა ჩანაწერის წიგნი, სადაც აღწერილი დაზიანებები ემთხვევა პატიმრის სხეულზე არსებულ დაზიანებებს. ეს ჩანაწერი კი სწორედ 15 ოქტომბერს არის გაკეთებული.

ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, რაიმე სახის ზემოქმედებას თავად სუბელიანიც უარყოფს.

„მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ პენიტენციალური დაწესებულების ნომერ მერვე დაწესებულებაში განხორციელდა გარკვეული ფიზიკური ზემოქმედება, ანუ მისი ცემა,“-აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი საკანში სუბელიანთან მას შემდეგ შევიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ პატიმარი ნაცემი იყო. დღეს კი სუბელიანს მისი ადვოკატი მოინახულებს.

„ეს ინფორმაცია გავრცელდა ალბათ იმ დაზიანებების გამო, რაც მას აქვს და ეს დაზიანებები მოგეხსენებათ, მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა და მიიღო ჩამოხსნის დროს. ხელზე ჰქონდა უმნიშვნელო დაზიანება, ფეხი სტკიოდა და თავზე ჰქონდა სიწითლე, მე რაც შევამჩნიე, ეს ვიზუალურად ემჩნეოდა,“-აცხადებს ადვოკატი ეკა ხუციშვილი.

დღის ამბები