ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი მწვავე საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები აქციის მიზნით სასტუმრო "ძველ თბილისთან" შეიკრიბნენ, სადაც ფორუმი მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ფორუმის შინაარსს და თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს აპროტესტებენ.
მათ სასტუმროს ადმინისტრაციას გადასცეს წერილი, სადაც დეტალურად იყო იმის შესახებ საუბარი, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში.
მოძრაობის წევრის ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის იდენტურია. მისი თქმით, პრორუსული ძალები ცდილობენ საქართველო კვლავ "თავის კლანჭებში" მოაქციონ.
მისივე განცხადებით, დღევანდელი ფორუმი მცირე მეწარმეების მოხიბვლას და მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.
"ჩვენ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში მაგრამ არ დავბრუნდებით,"- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.
აქციის ორგანიზატორები ფორუმის მონაწილეებისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად აღიარებას მოითხოვენ.
"მივალთ და ვთხოვთ აღიარონ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი და არა რუსეთის,"-აცხადებს ჭარხალაშვილი.
ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის ქართველი მასპინძლების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. რატომ ტარდება საქართველოში ღონისძიება, როცა ჩვენი ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის, ეს კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება.