„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე ექსპერტიზის ახალ დასკვნას ასაჯაროებს.
ლევან აღდგომელაშვილის გაცხადებით, ბრიტანული საექსპერტო ბიუროდან კიდევ ორ ჩანაწერზე ჩატარებული დასკვნის პასუხები მიიღეს.
საუბარია ჩანაწერზე რომელშიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „თბილისის თამბაქოს" მეწილისა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის საუბარია ასახული.
ჩანაწერში საუბარია თამბაქოს ბიზნესის განკარგვაზე, „ომეგა ჯგუფის“ წილების გაყოფასა და კომპანიის დაფუძნებაზე, ასევე მოგების 25% „ფონდში“ გადარიცხვაზე.
„პირველი აუდიოფაილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნის მიხედვით ასევე გამოიკვეთა ის მონაკვეთები, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს,“-ამბობს აღდგომელაშვილი.
მეორე ჩანაწერი მოიცავს ლევან ყიფიანის და და „ომეგას“ მენეჯერების საუბარს. ამ ჩანაწერში ლევან ყიფიანი 30 მილიონიდან პროცენტს ითხოვს, ასევე ითხოვს მანქანებს ყოფილი მინისტრებისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის. ლევან აღგომელაშვილის თქმით, ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობაც დაადგინა.
“რაც შეეხება მეორე ფაილს, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერს შორის. ამ აუდიოფაილის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერებს შორის ზემოხსენებული საუბარი შედგა 2017 წლის 26 აპრილს. ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტურობა.პირველი: ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში, ასევე განმარტავს, რომ ფონდი ანუ პარტია შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50%-იანი წილის მფლობელად და ასევე, დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია უფროსი მეგობარი, შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიოჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიოფაილის სხვადასხვა სექციისგან“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
ეს უკვე მეოთხე ჩანაწერია, რომელზეც ბრიტანულმა საექსპერტო კომპანია „საიფორ“-მა მუშაობა დაასრულა. საექსპერტო ბიურომ ოთხივე ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. როგორც ლევან აღდგომელაშვილი აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნები გადაიგზავნება ლონდონის სასამართლოში, რომელსაც ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა უკვე მიმართა.