მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის ერთი ქალია. მათთან თბილისის მთავარ სამმართველოში უკვე შევიდნენ ადვოკატები.
ადვოკატი, ინგა შარაშენიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში სახლში დააკავეს და მისი თქმით, დაკავებულს კავშირი არ აქვს გატაცებასთან.
„დანამდვილებით შემიძლია დავადასტურო, არ იმყოფებოდა და უშუალოდ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არავის გატაცებაში. არც კონტაქტზე გასულა, არც გატაცებაში მონაწილეობდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დააკავეს, უბრალოდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნაცნობობიდან გამომდინარე,“ - ამბობს შარაშენიძე.
შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თბილისიდან ბიზნესმენის შვილი გიორგი დეკანოიძე გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა.
სამართალდამცველებმა დამნაშავეთა დასაკავებლად სპეცოპერაცია წყალტუბოსა და თბილისში ერთდროულად ჩაატარეს.
გამოძიება ამ ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.