"ნუ გვაბოლებთ" - ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსს შვილმოკლული მამები მთავარ პროკურატურასთან მართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ცდილობს.
აქციის მონაწილეებს მაგალითად პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები მოჰყავთ, რომელიც გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ფიგურირებს.
შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან და სიმართლე არ დადგინდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
„რომ გვაბოლებენ ესენი, ხან ის მოიფიქრეს, ხან ის, ახლა ის თქვეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადააო, კაი რა, ვის ჯერა, ნეტა, ჯერ დაბეგვეს, მერე თავის მოკვლა სცადა? თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ფეხებზე, ხელებზე რატომ ჰქონდა სიწითლეები. ამით ცდილობენ, რომ ჩემი შვილის თემა გადაფარონ და მალხაზ მაჩალიკაშვილის თემა გადაფარონ და გადაფარონ. როცა დაინიშნა ბატონი თადუმაძე, როცა შევხვდი, თქვა, რომ კაცურ სიტყვას გაძლევ, პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, ერთ-ორ კვირში შეგეხმიანებიო, დავჯდეთ და ვილაპარაკოთო, მას მერე რამდენი ხანი გავიდა. ესენი მართლა ჩინური პატენტები არიან, ესენი ადამიანები არ არიან,“- განაცხადა მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს.
„მთელ ქვეყანას აბოლებს პროკურატურა, ხელისუფლება თუ ძალოვანი სტრუქტურები, არის კრიმინალთა ხროვა შექუჩებული მაღლა და ჩადიან დანაშაულს, რომელიც დაუშვებელია. დღეს აქართველოს არც მთავრობა და არც ხელისუფლებას,“- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.