გირჩის წევრები - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა დედაენის ბაღთან დააკავეს.
როგორც გირჩის წარმომადგენლები რუსთავი2-თან საუბარში აღნიშნავენ, ხვიჩია და მეგრელიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ დედაენის ბაღში დაანონსებული ფესტივალისთვის აპარატურის შეტანა სცადეს.
აპარატურის შეტანის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულები ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გასაჩხრეკად არიან გადაყვანილები.
შსს არ აკონკრეტებს, რომელ განყოფილებაში ჰყავთ დაკავებულები გადაყვანილი. კურიერის ინფორმაციით, ისინი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.
შსს-ში ამბობენ, რომ გირჩის ორი წევრი დაკავებული არ არის და ისინი მხოლოდ ჩხრეკის მიზნით გადაიყვანეს.
გირჩი დღეს კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.
ამასთან, მისი თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთლიანად გირჩი იღებს.