საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ჩანაწერები, რომელიც ე.წ. ომეგას საქმეზე გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მომართულია მხოლოდ ივანიშვილი-ფარცხალაძის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
„ამ ჩანაწერების და თავად ბატონი ყიფიანის შემხედვარე ნათელი ხდება , რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ცხოვრება გაუსაძლისი ხდება და სიღარიბე ყოველდღიურად იზრდება სწორედ იმიტომ, რომ მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები მარიონეტებივით ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის, ფარცხალაძეების, ქართული ოცნების დეპუტატების თუ სხვა და სხვა არაფორმალური მმართველების პირად კეთილდღეობას. ამ მიზნისთვის ისინი კრიმინალური მეთოდებით მზად არიან ფული გამოსძალონ ბიზნესს, მზად არიან ფიზიკურად იძალადონ ადამიანებზე, ფიზიკურად იძალადონ მოწმეებზე, გააყალბონ სისხლის სამართლის საქმეები,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ჭიჭინაძე კი ლევან ყიფიანის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ლევან ყიფიანმა თავის დროზე თქვა, რომ მან ოქუაშვილთან ერთად ეს ჩანაწერები დადგა. თუმცა იმ ჩანაწერებზე დაყრდნობით რაც ეთერში გავიდა, ირკვევა რომ ლევან ყიფიანმა ცრუ ჩვენება მისცა.
„რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს და ბატონი ლევანის მონაყოლს, ეს პირდაპირ მე ვფიქრობ, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს იქიდან გამომდინარე რომ ის ამდენი ხანი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ეს იყო ყველაფერი ფარსი, ამას დგამდნენ თურმე ზაზა ოქუაშვილის დაკვეთით. მე ვფიქრობ ეს არის უკვე ცრუ ჩვენება და ცრუ ჩვენება როგორც ვიცი ითვალისწინებს გარკვეულ სასჯელს. კრიმინალური მომენტია და ამას შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ შესაბამისმა სტრუქტურებმა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
"კურიერს" წყარომ 2 ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა. ორივე მათგანში სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და ომეგას სხვა მენეჯერებს ესაუბრება. პირველ ჩანაწერში ლევან ყიფიანი სარდაფის ინციდენტს იხსენებს და დეტალურად ჰყვება როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მასსა და ფარცხალაძეს შორის, რომელიც მოგვიანებით უკვე მის მიმართ მუქარითა და ძალადობით დასრულდა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო.
მეორე ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ფარცხალაძე-ყიფიანის კონფლიქტის მოგვარებაში ივანიშვილთან ერთად სხვა გავლენიანი პირებიც იყვნენ ჩართული. კერძოდ შერიგების მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია, ასევე დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა.