26 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
სანამ ტრიდე ვერსია არ გამოვა, მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში - კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას და მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს. საქმე ეხება ბოლო დროს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, როგორც „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, ასევე აუდიოფაილებს, რომლებიც გლდანის ციხეში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მირზა სუბელიანის საკანშია ჩაწერილი.

„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ გიორგი გახარია და შალვა თადუმაძე საკანონმდებლო ორგანოში მართლაც დაიბარონ, თუმცა მხოლოდ არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია კი პროცესის დაჩქარებას ითხოვს. პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ამბობს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც პასუხი ჯერჯერობით, არ არსებობს.

„ჩვენი ვალდებულებაა, ეფექტური ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ მთავრობის და პროკურატურის ჩვენ მიმართ და ამავე დროს, დავაკმაყოფილოთ ის ინტერესი, რომელიც არსებობს ამ საკითხების ირგვლივ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა პარლამენტში მივიდნენ გახარია და თადუმაძე.

„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შს მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით და გვექნება მოსმენის საშუალება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ ტრიდე ვერსია არ გამოვა, მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი სპორტის ყოფილ მინისტრთან ერთად არის, ადასტურებს, რომ ბიზნესმენს აშანტაჟებენ.

„როდესაც ამბობთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გინდათ, ხელი დააფაროთ დანაშაულს და თქვენ ხართ დანაშაულის თანამონაწილე,“ - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიცია ზაზა ოქუაშვილის მფარველობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზაზა ოქუაშვილი „ჩამოყალიბებული თაღლითია.“ 

დღის ამბები