ბუნებრივ აირსა და ელექტრო ენერგიაზე გადასახადის ზრდა გარდაუვალია - ასეთ პროგნოზს, ლარის სწრაფი გაუფასურების ფონზე საპარლამენტო უმცირესობა აკეთებს. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ გადასახადი მძიმედ დააწვება იმ მოსახლეობას, რომელიც სოციალურად დაუცველია.
„დღევანდელ პირობებში როდესაც ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის ძალიან დაბალი და როცა ლარი მუდმივად უფასურდება ტარიფების რეგულარული გადახედვა და სამწუხაროდ გაზრდა გარდაუვალია „ქართული ოცნების“ პირობებში. ენერგეტიკა ხდება ტვირთი და პირველ რიგში ის ტვირთი ხდება ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გაზრდილი ტარიფების საშუალებით იხდიან უფრო მეტს ვიდრე იხდიდნენ,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ტარიფების მატების პარალელურად საზოგადოების პროტესტს არ გამორიცხავს ”საქართველოს პატრიოტების” წევრი დავით ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძის თქმით, გადასახადების ზრდა ავტომატურად ნიშნავს „ქართული ოცნების“ დასასრულს.
„როგორც ფინანსთა სამინისტრო იძახის, მათ კურსი სჭირდებათ უბრალოდ ვალების მომსახურების თვალსაზრისით. თორემ ტარიფებთან ისინი ამას არ აკავშირებენ. მაგრამ ზოგადად, ლარის კურსი თუ გაიზრდება და ტარიფები თუ გაიზრდება „ქართული ოცნება“ ნამდვილად აღარ იქნება,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სემეკის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ ბუნებრივ აირზე და ელექტრო ენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს.