37 წლის ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
დაზარალებული კურიერთან აცხადებს, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ჯერ გზაში, შემდეგ კი უკვე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც სიგუა ყვება, პოლიციის უფროსის მოადგილე, თორნიკე შულაია მას, სამ სხვა თანამშრომელთან ერთად, სცემდა.
მისი განმარტებით, ცემისას მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს.
„მარტვილის პოლიციის თანამშრომლებმა მაწამეს, პოლიციაშიც, გზაშიც, მიყვანამდეც, პოლიციის შენობაშიც, შენობიდან კაპეზეში გადამიყვანეს, იქაც. როცა მირტყამდნენ, მაშინ თავზე მაფარებდნენ, მერე მიღებდნენ ვიდეოს, რომ ვაგინებდი და რომ ვპასუხობდი. ფეხიც შებმული მქონდა, ხელები უკან მქონდა დაბმული, დამაწევინებდნენ თავს დაბლა და მირტყამდნენ თავის არეში. ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს,“ - განაცხადა ედიშერ სიგუამ.
მარტვილის პოლიციაში ცემის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.