26 დეკემბერი 2024,   21:46
ვრცლად
33 წლის მამაკაცი სლოტ-კლუბ "ვეგასის" თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

33 წლის მამაკაცი სლოტ-კლუბ ვეგასის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვახტანგ ალიბეგაშვილი ამტკიცებს, რომ 15 ათასი ლარი მოიგო და თანხის განაღდების სანაცვლოდ, დაცვის სამსახურის 10-მდე თანამშრომელმა სასტიკად სცემა.

დაზარალებულის თქმით, სლოტ-კლუბში თავდასხმის დროს ტვინის შერყევა მიიღო და "ვეგასის" უსაფრთხოების თანამშრომლებმა ცხვირის ძვალი ჩაუმტვრიეს.

მისი განცხადებით, სლოტ-კლუბიდან იმავე დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა და გადაუდებელი ოპერაციაც დასჭირდა. ნაცემი მამაკაცი პოლიციამ გამოკითხა, თუმცა, დაზარალებული გამოძიებას არ ენდობა.

ალიბეგაშვილის თქმით, მას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს, თუმცა, პოლიცია საქმეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მუხლით არ სწავლობს.

მომხდარს, სლოტ-კლუბის თანამშრომლების გარდა, კიდევ ორი თვითმხილველი ჰყავს, რომლებიც ნაცემი ახალგაზრდის მეგობრები არიან. მათ დაინახეს, როგორ გაუსწორდა 10-მდე მამაკაცი 33 წლის ახალგაზრდას, რაზეც ადგილზე მისული პოლიცია არ რეაგირებდა.

მათივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ვეგასის" თანამშრომლები მოთამაშეებს მოგებულ თანხას არ აძლევენ და სანაცვლოდ სასტიკად სცემენ.

პოლიციას ამ დროისთვის მხოლოდ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები აქვს, სადაც სლოტკლუბის დაცვის მხოლოდ ერთი თანამშრომელი ფიგურირებს. დაზარალებული ამტკიცებს, რომ შიდა ჩანაწერები "ვეგასის" ადმინისტრაციამ წაშალა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, სლოტ-კლუბის ხელმძღვანელობამ მომხდარზე განმარტებები არ ისურვა. დაცვის თანამშრომელი კი ამბობს, რომ 18 ოქტომბრის ინციდენტზე არაფერი იცის.

გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს.

დღის ამბები