26 დეკემბერი 2024,   21:41
ვრცლად
„თავის მომხრეებს უთხრა, რომ გამორთეთ "რუსთავი 2" - გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს

„შთაბეჭდილება არის შემზარავი არაადეკვატურობა,“- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში  ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, ყოფილი პრემიერის გზავნილები გამაოგნებელი და შემზარავი იყო. უგულავას თქმით, ძალიან სასოწარკვეთილი ეთერი იყო. 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის შეფასებით, ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ განხიბლულ ამომრჩეველს მიმართავდა.

„მისი ამოცანა იყო, რომ მიემართა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, კიდევ უფრო სპეციფიკური ამოცანა იყო, რომ მიემართა იმ ადამიანებისთვის, როგორ თვითონ თქვა ისტორიულად უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ახლა არ აპირებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირონ ამ არჩევნებზე. მისი სამიზნე პირობითად რომ ვთქვათ, ირმა სოხაძე, კოლექტიური სახით ვამბობ. ივანიშვილმა მათ არაფერი შესთავაზა... სინამდვილეში მივიღეთ, რომ უთხრა, ბოლომდე შეიზილა ოთარ ფარცხალაძე, აღიარა, რომ ის, რაც ვიხილეთ, როცა ეს ადამიანი კადიროვივით გადაადგილდება, სცემს ადამიანებს, უფრო მეტი ცინიზმი მივიღეთ მისგან, ის პასუხი კი არა, რომ მოევლება... იუმორისტული თვალსაზრისით, გამაოგნებელი და შემზარავი რომ არ ყოფილიყო, დაჯდებოდა კაცი და იცინებდა. ასევე გამაოგნებელი იყო მისი რეაქცია და უტიფარი მირზა სუბელიანთან და ზაზა სარალიძის ტრაგედიასთან დაკავშირებით,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში სალომე ზურაბიშვილის როლზეც ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარმოადგენდა, ვითომ დამოუკიდებელი იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ კვოტით იყო კომისიაში, ბოლო მომენტში, როცა გადაწყდა, რომ „ქართული ოცნება“ მას მხარს უჭერდა, ადგა და კომისიიდან გაიპარა, ქალი კომისიიდან გაიპარა. სალომე ზურაბიშვილი რომ უვარგისია, კომისიაში მისი მოღვაწეობიდანაც ჩანს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა ივანიშვილის მიერ "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

"მას მხოლოდ "რუსთავი 2" ადარდებს. პრაქტიკულად, თავის მომხრეებს უთხრა, რომ გამორთეთ "რუსთავი 2", მე ვერ ვრთავ, ან მომეცით ერთი წელი, მერე რას იზამს, არ ვიცი, ვერც ვერაფერს იზამს,"- აღნიშნა უგულავამ. 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. უგულავამ საზოგადოებას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

„გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილმა იმის გამო, რომ თვითონ უკვე ჩაერთო და სხვა გზა აღარ აქვს, თვითონვე მოუწია ულტრამავნებლური ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის დაკავება. დარწმუნებული ვარ, ეს ესმის, უბრალოდ ვაბანკზე წავიდა. ძალიან სასოწარკვეთილი ეთერი იყო,“- აღნიშნა უგულავამ.

 

დღის ამბები