ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობები, უკანონო აგიტაცია და საარჩევნო სუბიექტების ხელშეშლა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ხარვეზების, რომელიც საია-ს ანგარიშში მოხვდა. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ შემდეგ, წინასაარჩევნო გარემო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც შეაჯამა. სულხან სალაძის თვალშისაცემი იყო სიძულვილის და ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირება სოციალურ ქსელში.
„კვლავ აქტუალური იყო ფარული ჩანაწერების თემა ამ არჩევნების დროსაც. ხშირ შემთხვევაში სიძულვილის და ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირება ხდებოდა სოციალური ქსელების საშუალებით და ეს არჩევნები გამორჩეული იყო არა მარტო იმით, რომ ეს ხდებოდა კანდიდატებთან დაკავშირებით, არამედ ეს ხდებოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიმართებაში, უშუალოდ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ფიზიკური დაპირისპირების სამ ფაქტს ჰქონდა ადგილი. იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი და ეს იყო ქუთაისის საკრებულოში. პოლიტიკური ნიშნის სამსახურიდან გათავისუფლების ერთი ფაქტი იყო. უკანონო შემოწირულობის 7 ფაქტს ჰქონდა ადგილი და აქ განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ ხდება კონკრეტული პირების რეგისტრაცია ერთი კონკრეტული პირების სასარგებლოდ და ამას გარკვეული მიზანი ჰქონდა, რომ შემდგომში მიეღოთ მათ სარგებელი. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო 5 ფაქტი,“-განაცხადა სულხან სალაძემ.