საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყნის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს და ოპონენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
დავით ბაქრაძემ, სალომე ზურაბიშვილს ნინოწმინდაში მის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომელიც მისი შეფასებით, საყოველთაოდ ქსენოფობიური, ანტისახელმწიფოებრივი და ეთნიკური შუღლის გამღვივებელ განცხადებაა.
ზურაბიშვილმა, ოპონენტს უპასუხა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ტოლერანტობაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ ფასეულობაზე, ყოველთვის საუბრობს.
“არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა, სწორედ იმ კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ან თბილისში, სადაც მე ეს ტოლერანტობა არ ვახსენე, როგორც ერთ-ერთი იმ ფასეულობებიდან, რომელიც ჩვენ უნდა გავიტანოთ ევროპაში, იმიტომ რომ შეიძლება, ზოგჯერ ევროპა კარგავდეს დღეს ამ ფასეულობას,“ - განაცხადა, "ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ამ დებატებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფოს წინსვლისთვის მნიშვნელოვანი და კონკრეტული ხედვა არ აქვს.