პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ მესამე სექტორს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძე მამუკა ბახტაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
კობახიძე წითელ ხაზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, მესამე სექტორმა არ უნდა გადაკვეთოს.
ირაკლი კობახიძემ მაგალითისთვის „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის „ფეისბუქ-პოსტი" კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომელიც ნიკა გვარამიამ ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. კობახიძე ამბობს, რომ მაშინ, გვარამიას "ბოლშევიკურ" განცხადებაზე სამოქალაქო სექტორის არც ერთ წევრს რეაგირება არ მოუხდენია.
„არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვითხოვთ რა თქმა უნდა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ეს წითელი ხაზები არის დაკავშირებული რა თქმა უნდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან. ბუნებრივია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ფაქტი, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რაც არის რა თქმა უნდა წითელი ხაზის გადაკვეთა. მე შემიძლია გავიხსენო ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც იყო აბსოლუტურად ბოლშევიკური განცხადება. იქ იყო საუბარი ადამიანების განდევნაზე ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურის სფეროდან და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვდით რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციას თუმცა ეს რეაქცია ჩვენ დღეს ვერ ვნახეთ,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.