"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის," IRI-ის 12-კაციანი შემადგენლობა საქართველოში იმყოფება. ორგანიზაცია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორი, ცესკოს თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
"წელს IRI-ის 12-კაციანი მისია დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენი დამკვირვებლები ხვალიდან რეგიონებში განაწილდებიან და უკვე დავიწყებთ შეხვედრებს საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა თამარ ჟვანიასთან, სადაც მან დელეგატებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა,“ - აღნიშნა სტივენ მიქსმა.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მან IRI-ის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესის შესახებ, რათა დამკვირვებლებისთვის სამუშაო პროცესი უფრო ეფექტური გახდეს.
“შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ვაცნობთ მათ, იმ მომზადების ხარისხს, დონეს, არსებულ სიტუაციას, რომელიც ადმინისტრაციის კუთხით გვაქვს. შესაბამისად ყველა ეს ინფორმაცია მიწოდებული იქნება დამკვირვებლებისთვის, რათა მათ ეფექტურად შეძლონ დაკვირვება, ცხადია საარჩევნო პროცესის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, რაც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია არჩევნებში,“ - აცხადებს ჟვანია.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, დამკვირვებლებთან შეხვედრის დროს, ყურადღება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებზე გაამახვილა. საუბარი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც შეეხო.
“ვისაუბრეთ საარჩევნო პროცესში ჩართული უწყებების საქმიანობის შესახებ, თუ, როგორ ხდება საარჩევნო დავების განხილვა. იგივე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეულწილად გასცდა დადგენილ პრაქტიკას და ამით ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა შეიცვალა და ასევე, კანონმდებლობით მინიჭებული მანდატი დაირღვა,“ - აღნიშნა, ირმა პავლიაშვილმა.