შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს, თუმცა რა გახდა 9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია.
ადგილობრივები კი ყვებიან, რომ პოლიციამ ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონში ბავშვის ფოტოები იპოვა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელობამდე 34 წლის მამაკაცი ბავშვს უთვალთვალებდა.
„სურათები გადაუღია, აგერ ახლა მშობელი ამბობდა და ბებიაც, რომ სურათი გადაუღიაო და რათ სჭირდებოდა იმ 33 წლის კაცს ეს სურათი, რისთვის... შორიდან გადაუღია სურათი, რომ მიდიოდა, უთვალთვალებდა ალბათ, მანამდე უთვალთვალებდა,“ - მოკლული გოგონას ამბობს მასწავლებელი მერი მამისცვალოვი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი დაკავებულს არ იცნობს. ახლობლები ვარაუდობენ, რომ 33 წლის მამაკაცი მოზარდს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და გუშინ იყო სწორედ სავარაუდოდ, მისთვის ხელსაყრელი დრო და გოგონა ძალის გამოყენებით ჩაიყვანა იმ სარდაფში, სადაც თავად მუშაობდა.
„წარბთან აქვს ჩარტყმული, ცხვირთან და რომ მოუჭირა თოკის რუჯი, ისიც ყელზე, პარკიც იქვე დევს, რაც ეფარა, ალბათ თავზე, მწვანე ცელოფანი,“ - ამბობს ადგილობრივი.
გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირას ადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია შს სამინისტროს არ გაუვრცელებია.