საქართველოს ინტერესშია არჩევნები ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს - ეს განცხადება, თბილისში მყოფმა ჯონ ბოლტონმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიაში “რაიმე ფორმით’’ მისი მხრიდან მონაწილეობა უკანასკნელი იქნება.
"ალბათ უკანასკნელი რამ იქნება არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რაიმე ფორმით ნიშანი მივცე, რომ კამპანიაში ვერთვები. ამერიკაშიც კი არ შემიძლია კამპანიაში მონაწილეობა იმ კანდიდატების სასარგებლოდ, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიას უჭერენ მხარს. საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი, მათ შორის შეერთებული შტატებიდანაც,’’- განაცხადა, ჯონ ბოლტონმა.
ბოლტონის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ინტერესი, არჩევნების ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება უნდა იყოს. პრესკონფერენციაზე ბოლტონმა, ასევე ამომრჩეველთა მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ, ამომრჩევლის აქტიურობა წარმოადგენს, საარჩევნო სისტემისადმი ნდობის საფუძველს. დონალდ ტრამპის მრჩეველი იმედოვნებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, სამართლიანად ჩატარდება.
“დღეს საქართველოს ინტერესშია, რომ არჩევნები სრულიად ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, ეს მითხრეს ოფიციალურმა პირებმაც. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტიურობა, რომ საზოგადოებაში იყოს საარჩევნო სისტემის ინტეგრაციისადმი სრული ნდობა. ვისურვებდი წინასწარ არ მეთქვა რა შიძლება მოხდეს, იმედი მაქვს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება,’’ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა.