17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ზაზა სარალიძესთან ადვოკატს არ უშვებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

კლინიკაშია ადვოკატი ნესტან ლონდარიძეც, თუმცა უფლებადამცველს ზაზა სარალიძესთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ადვოკატი ამბობს, რომ მას აქვს კანონიერი უფლება იმყოფებოდეს სარალიძის გვერდით, სამედიცინო შემოწმების დროს. 

სამართალდამცველებს არ განუმარტავთ მიზეზი, რის გამოც ადვოკატს შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა. 

ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ შენობაში სამართალდამცველების გარდა სავარაუდოდ იმყოფება შსს-ს ოპერატორი. რადგან მისი თქმით, ისმოდა ზაზა სარალიძის ხმა, რომელიც გადაღებას აპროტესტებდა. 

"მე არ ვიცი რა პროცედურები ტარდება შიგნით. ისმოდა ზაზას ხმა, ნუ მიღებთ"-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. 

კლინიკაში იმყოფებიან ზაზა სარალიძის მხარდამჭერები, პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჟურნალისტი ელისო კილაძე. 

კილაძემ სახალხო დამცველს მიმართა და მას ინგოროყვას კლინიკაში მისვლისკენ მოუწოდა. მისივე ინფორმაციით, ექიმი, რომელიც ზაზა სარალიძეს გამოკვლევას უტარებს თანახმაა უფლებადამცველი მასთან შევიდეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე დღეს პარლამენტის შენობასთან დააკავეს. საგამოძიებო უწყება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, სადაც ის შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო. 

 

დღის ამბები