„ეს იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ დაკავება გამოყენებულიყო,“- ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ზაზა სარალიძის დაკავებას.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას ითმენდა. მეზვრიშვილის განმარტებით, დღეს პოლიცია იძულებული გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა დაეკავებინა.
„გვესმოდა რა ადამიანურად მისი მდგომარეობა, სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში იდგა და მარტივად რომ ვთქვათ, ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, ვგულისხმობ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, თუმცა დღეს, პრაქტიკულად, პოლიცია, სამწუხაროდ, იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, იმიტომ, რომ ეს იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აშკარა თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება - დაკავება გამოყენებულიყო,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შვილმოკლული მამა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.