ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება. ამის შესახებ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას გამოკვლევები უტარდება.
შვილმოკლული მამა საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. ის შეუძლოდ სწორედ დაკითხვის დროს გახდა, რის გამოც, მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ცოტა ხნის წინ კი ინგოროყვას კლინიკასთან ხმაური იყო. ზაზა სარალიძესთან შესვლას მისი ადვოკატი ითხოვდა, თუმცა მას ამის საშუალება არ ეძლეოდა. ისინი ასევე ითხოვდნენ, მიეღოთ ინფორმაცია სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საბოლოოდ უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე და ზაზა სარალიძის ოჯახის წევრები შვილმოკლულ მამასთან შეუშვეს.
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურია.
შვილმოკლული მამა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.