გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე განცხადება შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
ნათია მეზვრიშვილი მოუწოდებს საზოგადოებასა და მედიას, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახის ინტერესები დააზიანოს. მისი თქმით, გოგონას მკვლელობის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია აღარ გასაჯაროვდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შს სამინისტრო შეგნებულად ამ საქმის იმაზე მეტ დეტალს რაც ჩვენ უკვე გავასაჯაროეთ არ ვასაჯაროებთ. შეშფოთებულები ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც რეალურად ახლაც ამ წუთებში მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან,“-ამბობს მეზვრიშვილი.
9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა.
ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა.
ცხედარს აღმოჩენისას ხელები შეკრული ,თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.
გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირას ადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია შს სამინისტროს არ გაუვრცელებია.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის გვარი კიდევ ერთ, 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეში ფიგურირებს. გორში, 2004 წელს მომხდარ დანაშაულს გატაცებული ბიჭის ბაბუა იხსენებს. ზაქრო ბერძენიშვილის ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე ოჯახისგან ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდა.