9 წლის გოგოს მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. 33 წლის კაცმა მცირეწლოვანი გოგო განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
9 წლის გოგონას მიმართ გამოჩენილ არაადამიანურ ძალადობაზე დღეს გორში ყველა საუბრობდა. სამძიმრიდან გამოსულები დეტალურად აღწერდნენ დაზიანებებს, რომელიც მცირეწლოვანს სხეულზე აღენიშნება.
ბერიაშვილების ახლობლების გადმოცემით, გოგონას ძალადობის კვალი და სილურჯეები თავის, ყელის და მტევნების მიდამოებში განსაკუთრებით ეტყობა. მათი ვარაუდით, მცირეწლოვანი ზრდასრულმა თავდამსხმელმა ჯერ სცემა, შემდეგ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ბოლოს კი თოკით გაგუდა.
როგორ მოხვდა ცეკვაზე მიმავალი 9 წლის გოგონა იაგო ნებიერიძესთან ერთად იმ სახლში, სადაც დაკავებული მუშაობდა, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელმა მცირეწლოვანი შეიტყუა, სარდაფში ჩაიყვანა და მოკლა.
თავდამსხმელის მანიაკალურ მიდრეკილებებზე ვერსიას მოკლულის ოჯახის ახლობლებს კიდევ ერთი გარემოება უმყარებთ. ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებულის ტელეფონში მოკლულის ფოტოები აღმოჩნდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ნებიერიძე მცირეწლოვანს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა.
გვამის აღმოჩენის ადგილი ბერიაშვილების სახლთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ლიახვი ნაპირზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ტერიტორია დღის განმავლობაში არაერთხელ შეამოწმეს, თუმცა იქ ბავშვის ცხედარი არ იყო. ამის გამო ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ ცხედარი მკვლელმა იქ დაღამების შემდეგ მიიტანა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის ადგილიდან გოგონას ცხედარი მან ურიკით წაიღო.
9 წლის გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები დამატებით დეტალებს პოლიციისგან ელოდებიან.