პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში გრძელდება. ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ, ღამით რუსთაველზე კარვები გაშალეს, რის გამოც ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მისი და ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობებში დამნაშავეები არ დაისჯებიან.
„ჩვენ შევეცდებით, ყველა ძალა, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რავ გაგვაჩნია, რაც ხალხს გააჩნია, რომ მივმართოთ ყველას, რომ სარალიძე იქნას გათავისუფლებული. დღეიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, აქციები გაგრძელდება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ და ზაზა სარალიძის დაკავებას გამოეხმაურნენ.
„მთელი ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ვხედავთ, რომ შვილმკვდარი მამები ქუჩაში დგანან უკიდურესად მძიმე პირობებში და გუშინ დავინახეთ განვითარებული მოვლენები, არსებითად შსს-ს უკანონო და თვითნებური პრაქტიკა იყო ის, რამაც გამოიწვია ძალადობის ესკალაცია,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ.