8 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მიერ 11 წლის წინ ჩადენილი დანაშაული - იაგო ნებიერიძეს ბრალი მაშინ ბავშვის გატაცებაში ედებოდა. 11 წლის შემდეგ გატაცებული ბავშვის ოჯახი მომხდარზე პირველად ალაპარაკდა.
დაკარგული ბავშვის დედა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ობიექტურად წარიმართებოდა და სამართალდამცველები ჭეშმარიტებას დაადგენდნენ, შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის აცილება.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცავებს არ უნდა მიეცათ იაგო ნებიერიძისთვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება, რადგან საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
11 წლის გაუჩინარებული მოზარდის მშობლები იმედოვნებენ, რომ ხელახალი გამოძიებით მაინც იქნება შესაძლებელი, რომ გამოიკვეთოს იაგო ნებიერიძის კავშირი 2004 წლის დანაშაულთან დაკავშირებით.
„ავტოფარეხს გვიშენებდა ეგ იაგო ნებიერიძე, თავის მამასთან ერთად. ბავშვი იყო დაკავშირებული ძალიან ახლოს, მასთან ერთად ამოდიოდნენ სახლში, სადილობდნენ, საუბრობდნენ და ცოტა ხანში ვიგებთ, რომ შვილი დაგვეკარგა. დაგვეკარგა და გადის რამდენიმე დღე, მოდის წერილი, წერია, თითქმის, რაც ჩემს შვილს შეეხებოდა - თავი სტკივა ბავშვს, რა ეჭირა ხელში, რა ეცვა, ავად არის, სიცხე ჰქონდა ბავშვს, დედას კითხულობს და ტირის ბავშვი. თან წერია, რომ 20 ათასი დოლარი უნდა ჩადოთ სიგარეტის კოლოფში და გადმოაგდოთ აივნიდან,“ - განაცხადა გაუჩინარებული მოზარდის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილმა.