26 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

ხელისუფლების ღია თავდასხმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნეპოტიზმი საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტებაში - არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო გარემო აფასებს.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი დარღვევების მასშტაბით განსაკუთრებულად გამოირჩევა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებაც შეისწავლეს, საიდანაც ირკვევა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის შემოწირულობები მნიშვნელოვნად აღემატება სხვა კანდიდატებისას.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების  აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ, კიდევ ერთხელ ღიად ისაუბრა მესამე სექტორზე განხორციელებული, არაერთი ვერბალური თავდასხმის შესახებ.

ბენიძე ქართული ოცნების’ ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირებს არასამთავრობო ორგანიზაციების  საქმიანობაში ჩარევასა და მათთვის დღის წესრიგის განსაზღვრის მცდელობაში ადანაშაულებს.   

"წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებსათან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები არჩევნებში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან დაიწყო, ხოლო მოგვიანებით ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, პრაქტიკულად, ყოველდღიური  ვერბალური თავდასხმებით გაგრძელდა. თავდასხმების ძირითადი რიტორიკა,  არასამთავრობოების პოლიტიკურად ანგაჟირებულობისა და მიკერძოებულობაში დადანაშაულებას ისახავდა მიზნად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრისა და  მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი ჰქონდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე პერსონალურ თავდასხმას, მათ შორის, არჩევნებამდე ორი დღით ადრე. შესამჩნევი იყო ხელისუფლების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევის და მათთვის დღის წესრიგის განსაზღვრის მცდელობები," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, საარჩევნო პროცესის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს.

როგორც მან განაცხადა, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეპოტიზმის ნიშნით კომისიის წევრების არჩევის 14 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ქართული ოცნების აქტივისტები საოლქო საარჩევნო კომისიებში 8ჯერ დაფიქსირდნენ.

სულხან სალაძემ საარჩევნო პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი საკმაოდ არაგამჭვირვალედ წარიმართა.  

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს  აღმასურებელი დირექტორი, ეკა გიგაური, კი ქართული ოცნების’ რჩეული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ანგარიშზე 4 მილიონ ლარამდე არსებულ შემოწირულობაზე საუბრობს.

ეკა გიგაურმა აუდიტის სამსახური არაეფექტურ მუშაობაში დაანადაშაულა, რადგან მათ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატების ანგარიშებზე დაფიქსირებული შემოწირულობები ამ დრომდე არ არის შესწავლილი.

გიგაური მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახური ვალდებულია, საზოგადოებას გასცეს პასუხი, რადმენად ლეგალურია თანხები, რომლებიც  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების ანგარიშზეა ასახული.    

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ დარღვევებზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს.








დღის ამბები