26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების - NDI-ის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრებზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისათვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო დელეგაციასთან ისაუბრეს იმ ხარვეზებზე, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოიკვეთა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვირვებლების არსებობას, რომლებიც საერთაშორისო აზრს ქმნიან საქართველოს შესახებ და ძალიან სერიოზულია ის თემა, რომ საქართველომ ამ არჩევნებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას დემოკრატიული განვითარებისკენ. სწორედ ამ თემებზე იყო საუბარი, მათ აინტერესებდათ ძალიან ბევრი რამ - პრეზიდენტის დამოკიდებულებები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არჩევნებთან მიმართებაში ყველა პრობლემურ საკითხთან მიმართებაში და პრეზიდენტმა, ცხადია, თავისი მოსაზრებები ამ მხრივ გამოთქვა,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები