35 წლის დავით ჯობავა კურიერთან ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში პოლიციის ინფორმატორი იყო. მან კონკრეტული სამართალდამცველები დაასახელა, რომლებსაც ინფორმაციას აწვდიდა.
ქვეყნიდან გაქცეული აგენტი ყვება, თუ როგორ ხდებოდა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინფორმაციის სანაცვლოდ.
ინფორმატორი ამტკიცებს, რომ თბილისიდან გაქცევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა პოლიციის ზეწოლის გამო გადაწყვიტა.
ჯობავას თქმით, პოლიციის ინფორმატორობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსმა, მიშა ბარამიძემ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაიბარა და მისი სიძისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება მოსთხოვა.
მისი მტკიცებით, დის ქმარს ნარკოტიკული ნივთიერება არ ჩაუდო, რაც პოლიციელების გაბრაზების მიზეზი გახდა.
ინფორმატორი აცხადებს, რომ ამის შემდეგ მის მიმართ ძველი თბილისის რაიონის პოლიციის მაღალჩინოსნება მუქარა და ზეწოლა დაიწყეს.
დავით ჯობავა დეტალურად ყვება, როგორ დაესხნენ თავს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების 15-მდე თანამშრომელი და როგორ სცემეს სასტიკად ჯერ ავტომობილში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში.
აგენტის ინფორმაციით, ზეწოლის შედეგად ის პოლიციელების მოთხოვნას დასთანხმდა და სიძის წინააღმდეგ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. თუმცა, ჯობავას მტკიცებით, რამდენიმე დღეში მას მიშა ბარამიძე ისევ დაუკავშირდა და თურქეთში წასვლა მოსთხოვა. გაირკვა, რომ პოლიციელი ინფორმატორს ქვეყნაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების -სუბოქსინის და მეტადონის შემოტანას სთხოვდა.
დავით ჯობავას მტკიცებით, პოლიციელის დავალებით ის თურქეთში 6 ოქტომბერს, მეგობარ კობა გავროზაშვილთან ერთად, წავიდა.300 აბი მეტადონი და სუბოქსინი იყიდა და შეთანხმებისამებრ, ერთ-ერთი ავტობუსის უკანა სავარძელში მოთავსა, თავად კი საქართველოში ტაქსით დაბრუნდა.
ინფორმატორის თქმით, საქართველოში სიძისთვის წამლის ჩადება გადაიფიქრა და პოლიციელებთან შეთანხმებული სქემის შესახებ ყველაფერი მოყვა. ამის შემდეგ კი თბილისიდან გაქცევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაწყვიტა. თუმცა, რამდენიმე საათში ის დააკავეს და თაბუკაშვილზე პოლიციის განყოფილებაში ჩაიყვანეს და სარდაფში სცემეს.
დავით ჯობავას მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაში ცემის პარალელურად, სამართალდამცველებმა ჩვენება დაწერეს, თითქოს, ჯობავამ ნარკოტიკული ნივთიერება ქვეყანაში მისი სიძის, სერგო მანუკიანის, დავალებით შემოიტანა. აგენტის თქმით, დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს.
კურიერი მიშა ბარამიძეს დაუკავშირდა. პოლიციელმა ჯობავასთან კავშირი გამორიცხა და რუსთავი2 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაამისამართა.
შსს-ს პრესამსახურში აცხადებენ, რომ ჯობავას წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და მას პოლიცია ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანას ედავება.