26 დეკემბერი 2024,   15:05
ვრცლად
პანკისში ჩანერგილი ქართული სპეცსამსახურების არაბი აგენტი ალაპარაკდა - ის "კურიერს" ჩატაევის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე ესაუბრა

პანკისში ჩანერგილი ქართული სპეცსამსახურების არაბი აგენტი ალაპარაკდა - მოქალაქე, პირობითი სახელით "მუსტაფა", რუსთავი2-ში მოვიდა და გადაწყვიტა, ელაპარაკა თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ყველა დეტალზე.

საიდუმლო აგენტს, პირობითი სახელით "მუსტაფა", პანკისის ხეობის ახალგაზრდებისგან ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა.

ის ყვება, რომ საქართველოში 2012 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ერთ-ერთი არაბული ქვეყნიდან ჩამოვიდა, ხოლო საქართველოს სპეცსამსახურები მისით პირველად 2 წლის წინ დაინტერესდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს.

აგენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კურატორი არაბული ქვეყნიდან ჰყავდა, რომელიც პერიოდულად ხვდებოდა და დავალებებს აძლევდა. ერთ-ერით ასეთი შეხვედრა კუს ტბაზე მდებარე კაფეში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. მაშინ სპეცსამსახურების თანამშრომელმა მისივე აგენტს თბილისში ჩამოსული ახმეტ ჩატაევის შესახებ უამბო.

აგენტის ინფორმაციით, შეიარაღება კონსპირაციულ ბინაში პანკისის ხეობიდან არ ჩაუტანიათ.

აგენტი ამტკიცებს, რომ ქართულ სპეცსამსახურებთან მუშაობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც პანკისში სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდა დაჭრეს. მუსტაფა ამბობს, რომ სხვა ახალგაზრდების მსგავსად, ხეობაში მუშაობის დროს ის ინფორმაციას თემირლანზეც აგროვებდა, თუმცა, მის შესახებ სარისკო არაფერი გაუგია.

რატომ მოკლეს 19 წლის მძინარე ბიჭი საკუთარ საწოლში, ყოფილი აგენტისთვის დღემდე გაუგებარი დარჩა. ის ფიქრობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ყოფილი აგენტი ფოტოდან ვერ ამოიცნო. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მის ოჯახში აგენტი არაერთხელ მიუგზავნიათ.

პანკისელები კამერასთან საუბარს თავს არიდებენ, თუმცა, რამდენიმე ადამიანმა ფოტოზე აგენტი ამოიცნო. ამბობენ, რომ მოქალაქე ერთ-ერთი არაბული ქვეყნიდან პანკისის ხეობაში და თბილისშიც უნახავთ.

დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობაზე უარის შემდეგ საიდუმლო აგენტი, პირობითი სახელით "მუსტაფა", ამბობს, რომ სამშობლოში მშვიდობიანად უნდა გამგზავრება, თუმცა, ეშინია. საჯაროდ საიდუმლო დავალებებზე საუბარი კი თავის დაცვის მიზნით გადაწყვიტა.

დღის ამბები