ზაზა სარალიძეს პროკურატურამ პატიმრობა გაუუქმა. აღვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. თავად ზაზა სარალიძე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
სარალიძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ არ ჩათვალა სწორედ მისთვის პატიმრობის შეფარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ნესტან ლონდარიძე ზაზა სარალიძის მიმართ წაყენებულ ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება, რომელშიც საუბარია, რომ ზაზა სარალიძემ ბლაგვი საგანი ჩაარტყა პოლიციელს თავში. ნესტან ლონდარიძის განმარტებით, ამ ინციდენტის ამსახველ შენელებულ კადრებში, რომელიც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერითაც გავრცელდა, ჩანს რომ ბლაგვი საგანი პოლიციელს თავში არ ხვდება.
„დღეს, ზაზა სარალიძეს წარედგინა ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეეხება საპატიმრო ღონისძიებას, გაუქმებულია, აღარ არის საჭირო საპატიმრო ღონისძიების გაგრძელება. დღეს მიმართავენ სასამართლოს, სავარაუდოდ ხვალ ველოდებით რომ იქნება აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გირაოთი აპირებენ მიმართონ, თუმცა დანამდვილებით ეს დეტალური ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. დღეს მე გადმომეცა საქმის მასალები, დღის განმავლობაში მე შევეცდები, რომ ამ მასალებს გავეცნო საფუძვლიანად და შემდეგ უკვე გვექნება ჩვენი პოზიცია აღკვეთ ღონისძიებაზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.