ხმაური ახალციხეში, სოფელ სხვილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან - #21 უბანზე ენმ-ს წევრმა დააფიქსირა ავტომობილი, რომელზეც გამოკრული იყო სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი სააგიტაციო მასალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივრის დაწერას ცდილობდა გაერთიანებული ოპოზიცია, თუმცა ამის საშუალებას მათ კომისიის თავმჯდომარე არ აძლევდა.
„საარჩევნო დღეს ეს დარღვევა არის და მითუმეტეს კონკრეტული დარღვევაა, რომ ჩვენს წარმომადგენელს უბანზე კომისიის თავმჯდომარე არ აძლევს უფლებას რომ დაწეროს საჩივარი,“-განაცხადა ენმ-ს წარმომადგენელმა დავით ახალკაცმა.
ეს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ ტელეკამერების ადგილზე გამოჩენის შემდეგ შეცვალა.
„უბნის გარეთ რაც ხდება და უბნის გარეთ თუ არის აგიტაცია მაგის გამო არ ვაწერინებდი და როგორც ნახეთ დავაწერინე. ამიტეხა ერთი ამბავი და დავაწერინე,“-აცხადებს კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხუციშვილი.
დარღვევა დაფიქსირდა სოფელ პატარა პამათში, სადაც „ქართული ოცნების“ აგიტატორები აწარმოებდნენ უბანზე მისული მხარდამჭერების აღრიცხვას. ისინი ინიშნავდნენ ამომრჩევლის სახელს, გვარს, მისამართს და ტელეფონის ნომერს. გარდა ამისა, ამავე სოფელში სამარშუტო ტაქსებით მიჰყავთ ამომრჩეველი. მძღოლები თავდაპირველად ადასტურებენ, რომ საწვავის ტალონები მათ ადმინისტარციული ორგანოებიდან მიიღეს, თუმცა მოგვიანებით მათ ეს ინფორმაცია უარყვეს.