ხმაური ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე - სადაც სიტყვიერი შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობისა“ და საარჩევნო უბნის დამკვირვებელს შორის მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება უბანზე, იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ამომრჩეველი იძულებით მიჰყავთ უბნებზე ხმის მისაცემად.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბრალდებას 22-ე საარჩევნო უბანთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ფაქტი მანახე, რომ იძულებით რომელს მოვკიდე ხელი და შემოვიყვანე, რას ლაპარაკობთ?“ - აღნიშნა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია აცხადებს, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს კომისიის თავმჯდომარე როგორ აბარებს ანგარიშს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს.
„ჩვენმა წარმომადგენელმა ამ უბანზე გადაიღო, კომისიის თავმჯდომარე პერიოდულად როგორ გამოდის და ოცნების აქტივისტებს როგორ აბარებს ანგარიშებს, ვინ მოვიდა უბანზე და არ მოვიდა, რომ ამის შემდეგ იძულებით მოიყვანონ ეს ადამიანები,“ - აღნიშნა გიგა შუშანიამ.