მორიგი სატელეფონო ზარები ამომრჩევლებთან - გაირკვა, რომ ამომრჩეველს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც უკავშირდებიან. "კურიერს" მოქალაქეები უკავშირდებიან და აცხადებენ, რომ მათ მობილურ ტელეფონზე ურეკავენ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან და კითხულობენ იყვნენ თუ არა არჩევნებზე მისული და რატომ არ მისცეს სალომე ზურაბიშვილს ხმა.
„დამირეკეს მარიამ ხურციძე ბრძანდებითო, კი მეთქი ვუთხარი. სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან გახლავართო. გისმენთ მეთქი და თუ იყავით არჩევნებზეაო. არა მეთქი. მიბრძანდითო და რატომ არ აძლევთ სალომე ზურაბიშვილს ხმასო. მე ვუთხარი ეს ჩემი საქმეა ვის მივცემ ხმას-თქო და თქვენ არ გაქვთ უფლება რომ მითხრათ, რომ ვის მივცე ხმამეთქი. მობილურ ნომერზე დარეკეს. ნომრები საიდან აქვთ ასე ხალხს რომ ურეკავენ“-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე "კურიერთან" საუბარში.
სალომე ზურაბიშვილის შტაბში კი აცხადებენ, რომ ისინი მოქალაქეებს უკავშირდებიან მხარდამჭერთა კლუბიდან. "მეგობართა სიები“ კი სადაც კონკრეტული მოქალაქეების მობილური ნომრებია მითითებული ვინმე შოთა იაშვილმა მისცა. თუმცა ის პირები ვინც მოქალაქეებს უკავშირდებიან თავად ამბობენ, რომ შოთა იაშვილს არ იცნობენ.
„ჩანაწერი შოთა იაშვილმა გადმოგვცა მხარდამჭერთა კლუბში და მაინტერესებდა იყავით თუ არა. ეს არის მეგობრული სიები და უბრალოდ მეგობრული სიებიდან გადმოიცა თქვენი ნომერი. აი შოთა იაშვილი არის პასუხისმგებელი პირი და მან გადმოგვცა თქვენი ნომერი. მე დავალებას ვასრულებ და აქედან გამომდინარე გირეკავთ თქვენ,“-აცხადებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა კლუბში.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობენ. ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ხდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე კონტროლი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პარტიების აგიტატორებს და კოორდინატორებს საკანონმდებლო დონეზე უნდა აეკრძალოთ მსგავსი ტიპის აქტივობა.
„ესეც უკვე არის პირდაპირი მცდელობა იმის, რომ ამომრჩეველი თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანონ არჩევნებზე რაც დაუშვებელია,“-განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი