17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორთან და აჩვენა ფოტო, რის შემდეგაც მას გადაეცა თანხა" - საია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე საუბრობს

საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შეწყვიტონ ამომრჩევლის ნების კონტროლი - ამის შესახებ განცხადება, მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე სულხან სალაძემ გააკეთა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეები ადასტურებენ, რომ მათ უკავშირდებიან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან და ეკითხებიან მივიდნენ თუ არა არჩევნებზე და ვის მისცეს ხმა.

„მსგავსი ფაქტები აჩენს სერიოზულ ეჭვს რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს რათა სავარაუდოდ მოხდეს მათი მობილიზება და საარჩევნო უბანზე მიყვანა,“-განაცხადა სულხან სალაძემ და აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსი კრძალავს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას.

საია ასევე მიმართავს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს დაინტერესდეს, რამდენად კანონიერი გზით ხდება ამომრჩევლის პირადი ნომრების მოპოვება.

რაც შეეხება ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებს, სულხან სალაძის განცხადებით, სამგორის #56 უბანთან მობილიზებულები არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ.

„საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი. სავარაუდოდ მობილურ ტელეფონში არსებული ფოტო. რის შემდეგაც  მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს, რომლითაც შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ჯიპი, რომელსაც უბნიდან გამოსული ამომრჩეველი აკითხავს,“-განაცხადა სულხან სალაძე.

გარდა ამისა, სულხან სალაძის განცხადებით, თითქმის ყველა უბანზე მიმდინარეობს მისული ამომრჩევლის აღრიცხვა. 

დღის ამბები