„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ საქართველოს არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით ადგილი ჰქონდა კოორდინატორების მობილიზებას და დაფიქსირდა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები.
„ვფიქრობ, რომ მთლიანობაში არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. არ ყოფილა სერიოზული ძალადობრივი ინციდენტები განსაკუთრებით. თუმცა გამოვლინდა გარკვეული პრობლემური ტენდენციები. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი არის საარჩევნო უბნების გარეთ მიმდინარე მოვლენები. კერძოდ, თითქმის ყველა უბანზე სადაც ჩვენ ვაკვირდებოდით შეინიშნებოდა მაღალი კონცენტრაცია კოორდინატორების, განსაკუთრებით კი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერების. ხშირად ვხედავდით გარკვეული მანქანების მოძრაობას. ჩერდებოდნენ მანქანები, იქ ადამიანების სხდებოდნენ და გადმოდიოდნენ მალევე. 6 უბანთან თანხის გადაცემას ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვას,“-განაცხაა ლევან ნატროშვილმა.
მისივე თქმით „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლებმა რამდენიმე უბანში დააფიქსირეს ე.წ. კარუსელის შესაძლო ფაქტებიც. გარდა ამისა, ლევან ნატროშვილის განცხადებით ზუგდიდის #94 უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი. მისივე თქმით ხდებოდა უბნებზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა. ამასთან, კონკრეტულ მოქალაქეებს ურეკავდნენ და სთხოვდნენ მისულიყვნენ არჩევნებზე, რაც ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.
გარდა ამისა, იმ უბნებზე რომელსაც აკვირდებოდნენ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები, ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ 35.5% ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 37.0%.