„ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია გუშინდელი ღამის შემდეგ შეცვლილია. დღეს პარტიაში უკვე შეცდომებზე საუბრობენ. "გადაჭარბებული თავდაჯერებულობა," "არაადეკვატური კომუნიკაცია" - ეს არის ტერმინები, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველ გუნდთან მიმართებაში გამოიყენა. კახა კალაძის თქმით, ეს არის გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ.“ თბილისის მერი დღეს შიდა კვლევებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შეცდომაა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ შიდა კვლევებს ეყრდნობოდა.
„ქართველ ხალხთან ერთად სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში სადაც "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება საქართველოში ჩვენს მიერ დამკვიდრებულ მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ძალიან კარგად ხედავს. სწორედ "ქართული ოცნება" არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება. რაც მთავარია ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია. შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად მთელს რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის შედეგი იყო ის, რომ მხოლოდ შიდა კვლევების შედეგებს ვეყრდნობოდით,“-განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესს ჰქონდა მეორე მხარეც. კერძოდ, პროპაგანდისტულმა მანქანამ თავისი შედეგი გამოიღო, რადგან მმართველი გუნდი გადაერთო სხვა საკითხებზე.