გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგო აჭარაში. განსაკუთრებით დიდი უპირატესობის გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში. ბათუმის 103 უბნიდან გამარჯვება გრიგოლ ვაშაძემ 86 უბანზე მოიპოვა. ხმების 45 პროცენტი სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, "ქართული ოცნების" რჩეულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 34 პროცენტი მიიღო.
ლევან ვარშალომიძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და ხდებოდა ზეწოლა ამომრჩეველზე, ოპოზიციის კანდიდატმა სული გამარჯვება მოიპოვა.
„წინ გველის დიდი გამარჯვება. ყველას დიდი მადლობა, ვინც იფიქრა საქართველოზე, საქართველოს გამარჯვებაზე და საქართველოს მომავალზე“-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ ყველაზე დიდ მოვლენებში აჭარამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს არჩევნებიც არ არის გამონაკლისი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მოულოდნელი იყო ის შედეგები რომელიც დადგა და ახლა მთავარია ამ რეალობიდან გამომდინარე მოხდეს გადაფასება გარკვეული საკითხების. დიმიტრი ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.