დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოდის, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი მოუწოდებს ყველა კანდიდატს, რომ გაერთიანდეს შტაბში იმისთვის, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად შეძლოს მუშაობა და მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატის საბოლოოდ დამარცხება.
„გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას მოუტანა ივანიშვილის გუნდმა. ამიტომ გუშინდელი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის მაგრამ ასევე თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ტურის შედეგებში. გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ კოორდინირებულად მეორე ტურის მომზადების და გამარჯვებისთვის,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.